იმისათვის, რომ ქართული საბავშვო ლიტერატურა გამოიცეს, ის უნდა არსებობდეს!" - იმეორებდნენ ქართველი გამომცემლობები წლების მანძილზე.
ხოლო, ვინაიდან საბავშვო წიგნები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, ქართული ბაზარი გაჯერებული იყო თარგმნილი და copi right-ის პრინციპით გამოცემული საბავშვო ლიტერატურით.
ისიც თვალშისაცემია, რომ გამოცემულ წიგნებში ყველაზე დიდი წილი არა მხატვრულ, არამედ შემეცნებით ლიტერატურას უკავია. ენციკლოპედიურ გამოცემებს თვლა არ აქვთ, თუმცა ამაში ცუდი არაფერია და მსგავსი წიგნების ჩუქება რომ მოდური გახდა, ესეც დადებითი ფაქტია. მაგრამ, თუ 2010 წლის საგამომცემლო ტენდენციებს თვალს გავადევნებთ, ვნახავთ, რომ ქართველი ავტორებისადმი გამომცემელთა დაინტერესებამ საგრძნობლად იმატა. ვერ გეტყვით, რამდენად ხარისხიანია ის საბავშვო ლიტერატურა, რაც ქართულ ენაზე იქმნება, მაგრამ ვიყოთ შემწყნარებლები, ასტრიდ ლინდგრენიც ხომ ერთხელ დაიბადა შვედეთში!
მიმდინარე წელს გამოცემულ ქართველ ავტორთა წიგნებს რომ თვალი გადავავლოთ, გასულ წლებთან შედარებით არცთუ ისე უნუგეშო სურათს მივიღებთ:
"დიოგენეს" მიერ გამოცემული თეა ლომაძის "წერილი ბოთლში" ერთ-ერთი საუკეთესო საბავშვო წიგნია. უნდა აღნიშნოს, რომ ამ ავტორისაგან უკვე რამდენიმე ძალიან კარგი საბავშვო წიგნი გვახსოვს; გამოვიდა ირმა მალაციძის ორი წიგნი - "სამშვენიეროს ლამაზმანები" (გამომცემლობა "შემეცნება") და "ლუკი საოცრებათა ქვეყანაში" (გამომცემლობა "პეგასი"); მარიამ წიკლაურის ლექსების კრებულები კი - "ნანინები", "ნატვრისთვალო მზისაო" ("პეგასი") და "გასაფერადებელი ლექსები" ("შემეცნება"), მართლა საჩუქარია პატარებისათვის; აღარაფერს ვიტყვით ვასო გულეურის ("დიოგენე"), ვანო ჩხიკვაძის ("დიოგენე"), ზაზა აბზიანიძის ("პეგასი", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა") კრებულებზე, რომლებიც ქართველ ბავშვებს მართლა რომ გაახარებს; გამოვიდა ასევე გუგული ტოგონიძის "ლაშა მიდის სკოლაში" ("შემეცნება") და ლია რუსიაშვილის, ელგუჯა ლებანიძის, თინა ჭეჟიას მოთხრობები და სხვა, და სხვა.
ისიც აღსანიშნავია, რომ გამომცემლობებმა კურსი შეცვალეს და ქართველ ილუსტრატორებთან დაიწყეს თანამშრომლობა. "პალიტრა ლ"-ის მირ გამოცემული "ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი" სოფიკო ვარაზის ფერადი ილუსტრაციებით პატარებს დიდხანს ემახსოვრება. ქართული პროდუქციის შექმნაზე გადავიდა "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაც", რომელმაც ქართველ ილუსტრატორებთან ერთად გამოსცა წიგნები "ნაძვისხე", "პიანინო" - საბავშვო ლექსებით, ასევე "ჩემი პირველი ანბანი" და "ჩემი პირველი რიცხვები". გაკეთდა ქართული ზღაპრები "ჩემი პირველი ზღაპრების" სერიიდან და შესრულდა "ვეფხისტყაოსნის" ახალი ილუსტრაციები მხატვარ დავით მაჭავარიანის მიერ. ვნახოთ, როგორ მიიღებს მას ზიჩის, ქობულაძისა და გუდიაშვილის ილუსტრაციების შემდეგ ქართველი მკითხველი.